„მხარდაჭერის სახლის“ თანამშრომლობა ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან გრძელდება. ამჯერად, „მხარდაჭერის სახლის“ ხელმძღვანელი მარინა ფოჩხუა გორის მუნიციპალიტეტის მერს კონსტანტინე ბუზალაძეს შეხვდა.
შეხვედრაზე მარინა ფოჩხუამ მერს გააცნო „მხარდაჭერის სახლის“ ახალი ინიციატივა — „სოციალური ექთნის“ პროექტი, რომლის რეგიონში დანერგვასაც ორგანიზაცია მიზნად ისახავს.
პროექტის ფარგლებში სოციალური ექთანი, როგორც შინმოვლის საკითხებში პროფესიონალი სპეციალისტი, ხანდაზმული ადამიანების ოჯახის წევრებსა და მეზობლებს გადასცემს პროფესიულ ცოდნასა და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს.
საუბარია პრაქტიკულ უნარ-ჩვევებზე, რომლებიც აუცილებელია სახლში ხანდაზმულ ადამიანზე სწორად და უსაფრთხოდ ზრუნვისთვის.
გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე ბუზალაძემ პროექტის განხორციელებაში მხარდაჭერის მზადყოფნა გამოთქვა. პირველ ეტაპზე ეს გულისხმობს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლების ჩართვას, რაც პროექტისთვის შესაბამისი მოსარგებლეების გამოვლენაში დაეხმარება.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის უფროსი დიანა ბერიძე, იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობას“-ს თავმჯდომარე იულია ხარაშვილი, „მხარდაჭერის სახლის“ გორის ფილიალის მენეჯერი ია ზუბაშვილი.